კვლავ ძლიერი წვიმა და უამინდობა. სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ.
10 სექტემბრის შუადღემდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ავდარია მოსალოდნელი. დღეს საღამოს ძალიან ძლიერი ნალექი იქნება კახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლის ზოგიერთ ტერიტორიაზე. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ კახეთში ღვარცოფული და მეწყრული პროცესები განვითარდეს. შეგახსენებთ, დღეს ამის ნიშნები იყო ლაგოდეხის რაიონში.
⛈ იწვიმებს თბილისშიც.
9 სექტემბერს, დილის 10 საათისთვის, შავი ზღვიდან საქართველოში შემოიჭრება ნოტიო ჰაერის მასები, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში გამოიხატება ძალიან ძლიერი ნალექით. (საუბარია სამეგრელოს მთიან ნაწილზე).
ნალექიანობის ეპიცენტრი ხვალ 13:00 საათისთვის იქნება წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მთიანი სოფლები, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი ჯვარში. იწვიმებს ზემო იმერეთშიც.
10 სექტემბერს, შუაღამიდან, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი მთელ დასავლეთ საქართველოში, ნალექების ეპიცენტრი 04:00-07:00 საათზე იქნება სამეგრელოს, გურიის, აჭარისა და იმერეთის ტერიტორია. 10 სექტემბრის 16:00 საათიდან ქვეყანაში გამოიდარებს.
დღეს ღამიდან 10 სექტემბრის შუადღემდე მოსალოდნელია წყალდიდობა, ღვარცოფული პროცესები და მეწყერი სხვადასხვა ტერიტორიებზე, მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი მდინარეებთან ახლოს და მთიან რელიეფზე გადაადგილებისგან. ზოგან მოსალოდნელია სეტყვა, ზღვაზე კი – საშუალო სიმძლავრის შტორმი.