”წარმოუდგენელი ცილისწამებაა” – ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარებს აკეთებენ საბინაო სამსახურის უფროსი და დაშავებული თანამშრომელი.
”ეს მოხდა დღეს, ორი საათიდან სამი საათის შუალედში. ვიყავით საცხოვრისში მისული, სადაც მივიყვანეთ ერთ-ერთი მიუსაფარი ქალი, თინა კახაძე, რომელსაც არ გააჩნია არავითარო თავშესაფარი, ღამეს ათევდა სხვადასხვა სადგურისა და მიტოვებული შენობების ტერიტორიებზე და ქალაქის გადაწყვეტილებით გვინდოდა ამ ქალბატონის საცხოვრში განთავსება, რათა მას ცხოვრების მინიმალურო პირობები შექმნოდა.
ეს ჩვენი მისვლა, როგორც ჩანს გააპროტესტეს იქ მცხოვრებლებმა, ჩვენ აქ არავის შემოვუშვებთო, ისე იქცეოდნენ თითქოს მათ კუთვნილებაში შეგვყავდა ვიღაც. მე ვუთხარი რომ თქვენ ვინ გკითხავთ, ეს არის ქალაქ ქუთაისის მერიის განკარგვაში და ჩვენ ვძებნით ადგილს, სადაც შეიძლება ქალბატონი დროებით განთავსდეს. ამაზე ჰქონდათ ძალიან მძაგრი რეაქცია ბენეფიციარ ქალებს.
მე როდესაც ვათვალიერებდი ოთახს, რომელშიც უნდა განთავსებული ეს ქალბატონი ამ დროს დერეფანში, მეხუთე სართულზე იყო დიდი ჩოჩქოლი, იყვნენ ახალგაზრდა ბიჭები, რომლებმაც ჩემს ოთახში ყოფნის პერიოდში ცემეს ჩემი თანამშრომელი ზურა ბურჯანაძე. მას აქვს ფიზიკური დაზიანება მიღებული. მარჯვენა თვალი აქვს ჩალურჯებული და თავის მარცხენა არეში აქვს დაზიანებები. მე მყისიერად გამოვიძახე საპატრულო და სასწრაფო, რის შემდეგაც აღიძრა საქმე და ვნახოთ როგორ გაგრძელდება მოვლენები. ზურას არავისთვის ხელი არ უკრავს, ეს ტყუილი ინფორმაციაა, ზურა არ არის ის პიროვნება რომ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს.” – გამაცხადა საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძე ”მეგა ტვ”-თან საუბროსას.
”წარმოუდგენელი ცილისწამებაა, ბავშვთან ერთად საუბრობდა ეს ქალბატონი და მე მხოლოდ მოვუწოდე რომ დამშვიდებულიყო, აბა რომელ ნორმალურ ადამიანს მოუვა თავში აზრად ჩვილ ბავშვიან ადამიანს ფიზიკურად კი არა სიტყვიერად შეეხოს. მე მხოლოდ მოვუწოდე რომ დამშვიდებულიყო, ვეუბნებოდი ისიც ადამიანია და მასაც სჭირდება შეფარება. რა იყო იმაში ასე უკიდურესად აღსაშფოთებელი რომ მიუსაფარ ადამიანს სჭირდება დახმარება. ეს იყო ყველაზე მეტად გასაკვირი და არაადეკვატური რეაქცია.
ჩემი დაზიანებები სახეზეა. ეს მოხდა სპონტანურად, რამდენიმე ადამიანის ჩართვა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ერთადერთი შესაძლებლობა იყო რომ თავი დამეცვა. მოზარდები იყვნენ იქ, როგორც მე ვიცი და გამოძიებაც წავა ამ მიმართულებით.
იმ საცხოვრისში ის ხალხია შეყვანილი რომელიც უსახლკაროა და იქ უკონტროლო ხალხი არ არის.” – აცხადებს საბინაო სამსახურის თანამშრომელი ზურა ბუჯანაძე ”მეგა ტვ”-თან საუბრისას.
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დღეს იქ მცხოვრებლებსა და მერიის თანამშრომლებს შორის დაპირუსპირება მოხდა. ადგილობრივები აცხადევნენ რომ მერიის თანამშრომლებმა ბავშვიან ქალს ხელი ჰკრა, კონფლიქტი კი საცხოვრისში ახალი ბენეფიციარის განთავსებას მოჰყვა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო ეკიპაჟები. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.