შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ლ.ლ. თბილისში დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად, 5 მცირეწლოვანს უვლიდა. ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა 2 წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა – შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს.
უწყების ცნობით, პოლიციის მყისიერი რეაგირების შედეგად, ლ.ლ.-ს დაკავება დაუყოვნებლივ განხორციელდა.
გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.