ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმის, თამარ ჟამურაშვილის კრიტიკას პასუხობს.
“ქალბატონმა თამარ ჟამურაშვილმა, რომელიც გერმანიაში საქმიანობს და ბოლო პერიოდში თითქოს ცდილობდა საქართველოს COVID სიტუაციასთან დაკავშირებით კორექტული ყოფილიყო, რასაც ყველა მიესალმა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ცდუნებას დიდხანს ვერ გაუძლო და ა.წ. 4 ივლისს გამოაქვეყნა უაღრესად ტენდენციური და არაკორექტული პოსტი ჩვენს COVID ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ინტერვიუზე.
მან გამოიყენა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, სადაც მე ფაიზერის ვაქცინას მერსედესის ბოლო მოდელს ვადარებ და მონათლა ეს შედარებად, რომელიც „ყოველგვარ ზღვარს ცდება“ და „სრულიად ქართველი ერის შეურაცხყოფად“?! მეტი დამაჯერებლობისთვის მან დაამატა, რომ ჩვენ ქართველ ერს „ამპარტავანი“ ვუწოდეთ და „ქედმაღლურად დავცინეთ“, რაც სრული სიცრუეა, ჩვენს ინტერვიუში მსგავსი არაფერი გვითქვამს, რისი გადამოწმებაც ადვილია.
წმინდა წყლის დემაგოგია და იაფფასიანი პოპულიზმია და თან სულაც არ არის უწყინარი და აი რატომ:
ქ-ნმა თამარმა შეგნებულად დააიგნორა მთავარი, რაც მე ჩემს ინტერვიუში ვთქვი, კერძოდ, სიტყვა-სიტყვით „– ვაქცინებს შორის განსხვავება არ არის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი, რამდენიც ამ განსხვავებული ვაქცინის მოლოდინში დაკარგული დრო.
ყველა თანხმდება იმაზე, რომ უნდა ავიცრათ ყველა იმ ვაქცინით, რომელიც დღეს გვაქვს. დღეს თუ გვექნება არჩევანის საშუალება ვთქვათ, იგივე ჩინურს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერს“ შორის, მაშინ შესაძლებელია არჩევანი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არჩევანი ყველას ვერ შეხვდება და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“.
აი, რა ვთქვი მე ჩემს ინტერვიუში სინამდვილეში და მის სისწორეზე მზად ვარ ხელი რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვაწერო. რა არის ამაში ზღვარსგადასული და სრულიად ქართველი ერის შეურაცხმყოფელი, როცა მთელი ცივილიზებული მსოფლიო ასე იქცევა.
ქ-ნი თამარი დემაგოგიურად და პოპულისტურად საუბრობს იმაზე, რომ ხარისხიანი ვაქცინა (ფაიზერი) იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ვალდებული იყო მხოლოდ ის შემოეტანა.
ხარისხიანი ვაქცინა რომ კარგია, ამას „შარიტეს“ კლინიკის ექიმობა არ სჭირდება და ნებისმიერმა იცის და მერწმუნეთ ჩვენ ქ-ნ თამარზე გაცილებით მეტად გვემეტება ქართველებისთვის ყველაფერი საუკეთესო, მათ შორის ყველაზე უკეთესი ვაქცინაც, მაგრამ უნდა ვიყოთ პრაგმატულები და გამოვიდეთ იქედან, თუ დღევანდელ რეალობაში კონკრეტულად რა იქნება მოსახლეობისთვის შესაძლებელი და უკეთესი.
ფაიზერის ვაქცინა კარგია, მაგრამ კომპანია ვერ აწარმოებს იმდენს, რომ ყველას ეყოს. უხეში გათვლებით ფაიზერის ამჟამინდელი მსოფლიო მარაგი ყოველი 6-7 მსურველისგან მხოლოდ ერთისთვის არის საკმარისი და როგორ უნდა უზრუნველყოს ასეთ პირობებში საქართველომ ყველა მოქალაქისთვის საკმარისი რაოდენობის ფაიზერის ვაქცინის მიწოდება.
საქმე ფასში არ არის. საქართველოს მხარე მზად არის თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის გადაიხადოს ნებისმიერი ფასი.
პრობლემა მსოფლიო ბაზარზე ამ ვაქცინის არასაკმარისი რაოდენობაა. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, შესაძლოა ამერიკის და ისრაელის გარდა, რომელსაც იმდენი ფაიზერის ვაქცინა ექნებოდა, რამდენსაც ისურვებდა.
საქართველო შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს. ქვეყანაში აქამდეც შემოდიოდა და წლის ბოლომდე გარანტირებულად შემოვა სხვადასხვა წარმოების ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი, ნოვოვაქსი და სხვ.) სულ ცოტა 4 მილიონი დოზა, რაც სავსებით საკმარისია მოსახლეობის სულ ცოტა 65%-ის ასაცრელად. მაგრამ ამ 4 მილიონიდან ფაიზერი სავარაუდოდ, მხოლოდ 1 ან 1.5 მილიონი დოზა იქნება (500-750 ათასი პირისთვის), რაც საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ ის ყველას მაინც ვერ ეყოფა.
ასეა ყველა ქვეყანაში. მხოლოდ იქ, ჩვენგან განსხვავებით ამისგან ტრაგედიას არ ქმნიან.
სწორედ ამიტომ თვით ქ-ნმა მერკელმა და თითქმის ყველა ევროპულმა ლიდერმა დემონსტრაციულად აიცრა ასტრაზენეკათი (და არა ფაიზერით). თურქეთის, უნგრეთის, აზერბაიჯანის და კიდევ ბევრი სხვა გავლენიანი ქვეყნის ლიდერებმა ასევე დემონსტრაციულად აიცრეს ტელევიზიის ღია ეთერში ჩინური ვაქცინით და ამით, ქ-ნ თამარისგან განსხვავებით, თავის მოსახლეობას უთხრეს, რომ ყველა ვაქცინა თავისებურად კარგია და უნდა ავიცრათ იმითი, რაც გვაქვს და არ ჩავიციკლოთ რაღაც ყველაზე უკეთესზე.
მითუმეტეს, რომ ჯერ ბოლომდე დადგენილი არც არის, თუ რომელი ვაქცინაა ყველაზე უკეთესი. ასე მაგალითად, COVID-19 იშვიათად, მაგრამ ორჯერ ვაქცინირებულ პირებსაც ემართებათ, მათ შორის ფაიზერით ორჯერ ვაქცინირებულებსაც.
მთავარი ის არის, რომ ყველა ვაქცინა საიმედოდ იცავს დაავადების სასიკვდილო და კრიტიკულად მძიმე ფორმებისგან.
ქ-ნი თამარის დემაგოგიური და პოპულისტური გამონათქვამები იმიტომ არის სახიფათო და საზიანო მოსახლეობისთვის, რომ მათი გავლენით მოსახლეობის ნაწილმა შესაძლოა უარი თქვას სხვა ვაქცინებზე (ასტრაზენეკა, სინოფარმი, სინოვაკი და სხვ.) და ყველა დაელოდოს მაინცდამაინც ფაიზერს, რაც ძალიან შეუშლის ხელს ქვეყანაში მასობრივ ვაქცინაციას და შესაბამისად პანდემიის დაძლევას.
თავის დროზე დეკემბერ-იანვარში სწორედ ქ-ნი თამარისნაირი ადამიანების გავლენით საქართველოს მოსახლეობამ ერთხელ უკვე თქვა კატეგორიული უარი ჩინური და სხვა ვაქცინების (ფაიზერის გარდა) შემოტანაზე და ამით საქართველო მხოლოდ დაზარალდა.
რომ არა ეს ფაქტი, ახლა გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა, რასაც სხვა ქვეყნების მაგალითი ადასტურებს. ბრიტანეთმა მკვეთრად შეამცირა სიკვდილობა ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინით, ხოლო თურქეთმა, უნგრეთმა, არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა და აზერბაიჯანმა – ჩინური ვაქცინით. საქართველომ კი ზოგიერთ ვაი ექსპერტის პოზიციის გამო, ეს შანსი არ გამოიყენა და დააგვიანა.
და ბოლოს. თუ ქ-ნ თამარს მართლა ჰგონია, რომ ჩვენზე მეტად შესტკივა გული საქართველოს მოსახლეობაზე, ან ჩვენზე მეტი აქვს მისთვის გაკეთებული, ან ჩვენზე მეტი კომპეტენცია აქვს COVID-ის მართვაში, ვთავაზობთ მას შევხვდეთ ერთმანეთს დებატებში ნებისმიერი ფორმატით (სატელევიზიო, ავადმყოფის საწოლთან და სხვ.) და ვნახოთ ვინ ვინ არის” – წერს თენგიზ ცერცვაძე.