სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ჩნდება განცდა, რომ არსებობს გარკვეული შერჩევითი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანების მიმართ.
“შესწავლის საგანია ჯერ ჰქონდა თუ არა ამ პირებს შესაბამისი ნებართვა, თუ არ ჰქონდათ, მაშინ რატომ ვერ გამოავლინა შესაბამისმა უწყებებმა, რატომ მოხდა მისი იდენტიფიცირება მხოლოდ მედიის მიერ საჯაროდ ამ ფაქტის გასაჯაროვების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩნდება განცდა, რომ არსებობს გარკვეული შერჩევითი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანების მიმართ. ფაქტია, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორებს ჰქონდათ განცდა, რომ მათ პრობლემები არ შეექმნებოდათ და რა თქმა უნდა, ძალიან სამართლიანი იყო საზოგადოების პროტესტი”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგმა ვლადიმერ პოზნერმა და მისმა 50-მდე მეგობარმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს 1 აპრილს დატოვეს. გადაწყვეტილება მათ სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ნაწილის პროტესტის გამო შეცვალეს.
პოზნერი საქართველოში 31 მარტს, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სამოქალაქო აქტივისტები მას საპროტესტო აქციით დახვდნენ. აქციები გაიმართა როგორც სასტუმრო “რუმსთან”, ისე “ვინოტელთან”, სადაც პუტინის მეგობრებმა ივახშმეს.