საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით მრევლს ქადაგებით მიმართა და არსებულ რთულ დროებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ადამიანებს ბოროტი განსაკუთრებულად ებრძვის, რადგან ეშმაკი გრძნობს, რომ მისი დასასრული მოახლოებულია:
“გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ხარებას. ეს სიხარულის და სიყვარულის დღესასწაულია. მე არაერთხელ მითქვამს თქვენთვის – ძველი ქრისტიანები, მართლმადიდებლები ამბობდნენ, რომ ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს ხარების დღეს, დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვგრძნობთ, რამდენად მძიმეა ეს ბრძოლა. წმინდა მამები ამბობენ: როცა ეშმაკი იგრძნობს, რომ მოახლოებულია მისი დასასრული, ის გააძლიერებს ბრძოლას. განსაკუთრებით ებრძვის ახალგაზრდობას.
ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, გაჭირვებული ხალხისათვის. ეს ერთ-ერთი სახეობაა ბრძოლისა. ჩვენ გაგვიადვილდება ბრძოლა ბოროტთან, თუ ვიზრუნებთ გაჭირვებულ ხალხზე,”- განაცხადა პატრიარქმა.