ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ უფრო დაგვაახლოებს, გაგვაერთიანებს და საერთო ბრძოლაში უფრო გაგვაძლიერებს. სწორედ ამას ემსახურება ის შეხვედრები, რომელიც ტარდება ეკონომიკის სამინისტროში, ბიზნეს ომბუდსმენის , ტურიზმის ადმინისტრაციის, შრომის ინსპექციის მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ყველა იმ ორგანიზაციაში, რომელიც დღეს ერთად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის წარმომადგენლების ბიზნესთან შეხვედრა ქვეყანაში ეკონომიკური ზიანის შემცირებას და პანდემიის შედეგების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურებოდა.
„ შეხვედრა ნამდვილად იყო ძალიან ემოციურიც, იმიტომ რომ ძალიან კარგად გვესმის ბიზნესისა და თითოეული დარგის წარმომადგენლის პრობლემები. არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, პანდემიის გამო, ხელისუფლება, ბიზნესი და ჩვენი მოქალაქეები ასეთი ტიპის გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით. ჩვენ გვიწევს გამკლავება ამ ძალიან რთულ, როგორც ეპიდემიოლოგიურ, ასევე ეკონომიკურ გარემოებებთან და ნამდვილად აქტიურად გავაგრძელებთ ამ ძალისხმევას ბიზნესთან და ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. გავერთიანდეთ პანდემიის წინააღმდეგ ,მაქსიმალური ძალისხმევა მივმართოთ იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს მიადგა“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაიხსნას ეკონომიკა და ქვეყანა მოემზადოს მომავალი ტურისტული სეზონისთვის.