“შენი იდეა შენი ქალაქისთვის” ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს. როგორც ქუთაისის მერიიდან იუწყებიან ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა კულტურულ-სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან შედგა. საუბარი პროექტის მნიშვნელობას შეეხო. განიხილეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების დეტალები და იდეების ელექტრონული რეგისტრაციის ტექნიკური მხარე.
პროექტის საინფორმაციო კამპანია USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით ხორციელდება. მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ საკუთარი იდეები ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.
იდეები შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, სპორტი, ახალგაზრდული საქმეები, შშმ პირების საჭიროებები, განათლება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.
მონაწილეობით ბიუჯეტირებას სხვადასხვა ეტაპი აქვს 1. წინადადებების მიღება, რომელიც მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. 2. მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასება. უმაღლესი შეფასების მქონე იდეების საჯარო კენჭისყრა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოხდება. 3.საპროექტო განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, საინიციატივო ჯგუფს ან იურიდიულ პირს.