10 ივლისის მდგომარეობით, შემოწმებული 64 ფიტნეს ცენტრიდან მოთხოვნები 25-მა, ხოლო 30 შემოწმებული აუზიდან – 17-მა დააკმაყოფილა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ჯამში 10 ივლისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 42 ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნების და აბანოების საქმიანობები და 105 სპორტულ-გამაჯანსაღებელი (ფიტნეს) ცენტრი.
„აქედან შრომის ინსპექციის მიერ შემოწმდა 64 სპორტულ-გამაჯანსაღებელი(ფიტნეს) ცენტრი, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 25; ვერ აკმაყოფილებს 11; ხოლო არ იყო მზად 21; ამასთან, სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 7, რადგან არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა შემოწმების გასავლელად.
ამასთან, შემოწმდა 30 ღია/დახურული აუზი, საუნა და აბანო, რომელთაგან მოთხოვნებს აკმაყოფილებს 17; ვერ აკმაყოფილებს 6; არ იყო მზად 2; სხვა მიზეზით ვერ შემოწმდა 5 (არ ეკუთვნის შესაბამის კატეგორიას, თუმცა დარეგისტრირდა)“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სპორტულმა დარბაზებმა და აუზებმა საქმიანობის განახლებისთვის შრომის ინსპექციის მხრიდან შემოწმება უნდა გაიარონ და მათი გახსნა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული.