გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები წესდება.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ შეჯიბრებებისა, რომელიც ტარდება საერთაშორისო ფარგლებში
ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.
კვების ობიექტები ღამის 00:00 საათის ნაცვლად 23:00 საათამდე იმუშავებს.
ამას გარდა, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაზე, რომ სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინირებული და ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირებისთვის. არავაქცინირებული პირები კი ტესტს საკუთარი ხარჯით გაიკეთებენ.