გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას მოითხოვს.
მისი თქმით, ოჯახი ასევე თვალყურს მიადევნებს როგორც სასამართლში მიმდინარე პროცესებს, ასევე სასჯელის მოხდის პერიოდს.
„დაზარალებული ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდგომ, სასჯელის მოხდის პერიოდშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, როგორიც არაერთხელ ვიხილეთ, ვგულისხმობ პირობით ვადამდე გათავისუფლებას, შეწყალებას და ა.შ.“,- განაცხადა ნიკოლაძემ.
მან ასევე განაცხადა რომ საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა.
“დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიტას“ მგზავრებისა ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“,
მისივე თქმით გამოძიებას ოჯახი ენდობოდა პირველივე ეტაპზე.
“გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ მთელი ეს დიდი პერიოდი და საბოლოო ჯამში, სწორედ ურთერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით, მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს. კითხვები იყო უამრავი და გზადაგზა იწურებოდა,“- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა.