აკადემიკოსი გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე ილია ბეროშვილის სკანდალურ განცხადების გამო მოხდილ ბოდიშს გამოეხმაურა:
„რახან ყველაფერში კარგი უნდა ვეძებოთ, ამაშიც დავინახოთ – ატყდა ქარიშხალი ჭიქაში და უცბად, მტერმაც და მოყვარემაც დაინახა, როგორ ჰყვარებია ხალხს მამაჩემი. ნამდვილად ვიცოდი, მაგრამ გულწრფელი რომ ვიყო, გაოცებული დავრჩი – როგორ გადაეფარა მთელი ქვეყანა, დიდი და პატარა… ამ საყოველთაო ტაბუმ, ლამის ნიჰილიზმში გადამაგდო. თურმე, ის ცოცხალია, როგორც არასდროს! ის ხალხშია!
მიყვარხართ ძალიან, სიტყვები რომ არ მაქვს ისე“ – წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ,რომ ილია ბეროშვილის სკანდალურმა განცხადებამ – „ყველაზე ცუდი ქართველი არის გურამ შარაძე“ საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მოგვიანებით, ტელეწამყვანმა მოიბოდიშა და განმარტა, რომ ეს იყო მექანიკური შეცდომა, რადგან სინამდვილეში გიგლა ბერბიჭაშვილის დასახელება სურდა.
„მოუხდია ბოდიში ილო ბეროშვილს. ბერბიჭაშვილი უნდა მეთქვა და მექანიკურად წამომცდაო. მისი ბაბუა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ყოფილა ოდესღაც და ბავშვობიდან მესმოდა ისტორიები, მათ შორის, გურამ შარაძეზეო. ბაბუისგან კარგის მეტი რა უნდა გაეგო?! მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩემო უსაყვარლესო მეგობრებო, შევეშვათ ამ კაცს. საკმარისზე მეტი მოხვდა. რამდენად გულწრფელია მისი ახსნა-განმარტება, აღარ მაინტერესებს. ბოდიშის მოხდა ასეთ მძიმე შეურაცხყოფასა და გულსტკენას მომენტალურად ვერ შველის, მაგრამ გამიხარდა. ე.ი. არ ყოფილა მთლად წყალწაღებული, ხვდება და აღიარებს, რომ ცუდად მოიქცა. ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანები ვართ და შევუნდოთ. ყოველ შემთხვევაში, მე ,,განიარაღებული” ვარ“ – წერს რუსუდან შარაძე ტელეწამყვანის ბოდიშის გამო .