მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ აქტიური მზადების პროცესშია. წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, წელს წვრთნებში ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს წევრი 4 ქვეყნის: აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი სწავლების ოფიციალურ გახსნამდე საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ.
სწავლება ოფიციალურად 7 სექტემბერს დაიწყება და მასში 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში უკვე მეხუთედ ტარდება და მისი მიზანია საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება. სწავლება ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.