სოფელ ღვანკითში გამკაცრებული ზომების მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დილიდან ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი, რომელიც არსებულ ვითარებას ეცნობა. ლაშა გოგიაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს ყველა ფერმერს, რომელსაც ეს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის სჭირდება. მუნიციპალიტეტის მერია ასევე აქტიურად დაეხმარება ფერმერებს, რომლებმაც მოსავალი მოიყვანეს და რეალიზაციას ვერ ახდენენ. დღეს მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით ერთ-ერთმა ფერმერმა მარწყვის მოსავლის რეალიზება მოახდინა. ფერმერის თქმით, მას ჰქონდა რეალიზაციის პრობლემა და დახმარებისთვის მერიას მიმართა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში სოფელ ღვანკითის მოსახლეობის დიდი ნაწილია ჩართული. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, სასოფლო-სამუერნეო სამუშაოები მთელს რეგიონში წინა წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაკეტილია. მიზეზი სოფელში კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევაა.