ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ კომპანია “ქართულ ფესვებს”, რომლის 50-პროცენტიან წილს პრემიერმინისტრის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი ფლობს, წელს არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ბიუჯეტიდან 150 000 ლარს გადაუხდიან წლის ბოლომდე, რომ ყურძენი გადაამუშაონ.
რეესტრის მიხედვით, ეს ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც პრემიერმინისტრის პენსიონერი მამა ფლობს.
სააგენტო ამბობს, რომ კომპანიას 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში მისი ჩართვა. მათივე ცნობით, ხელშეკრულება 1 სექტემბერს გაუქმდა.
იხილეთ განცხადება:
“რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში 115 კომპანიაა ჩართული. მათ შორის, კლიმატური პირობებისგან დაზიანებული ყურძნის რეალიზების მიზნით სახელმწიფო საწარმო შპს “მოსავლის მართვის კომპანია” აკონტრაქტებს სხვადასხვა ღვინის კომპანიებს საჭიროებისამებრ მევენახეებისგან ყურძნის შეუფერხებლად (90 თეთრად) ჩაბარების მიზნით.
როგორც ცნობილია, სახელმწიფომ გამოხატა ასევე მზადყოფნა, რომ შეისყიდიდა იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა. აღნიშნულ კომპანიას, შპს “ქართულ ფესვებს” 29 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, თუმცა დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ყურძნის არსებული მარაგებიდან და კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო “ქართული ფესვების” ჩართვა პროცესში და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.
მოსავლის მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ “ქართულ ფესვებს” არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე შესაბამისად არ არსებობს არც ხელშეკრულება.
წელს, როგორც არაერთხელ გაცხადდა რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი, რამაც დღის წესრიგიდან მოხსნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საწარმოს მიერ ყურძნის შესყიდვა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა, ხელშეკრულების გაწყვეტა”.
ცნობისთვის, 12 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა,ანზორ ჩუბინიძემ თქვ რომ პრემიერის მიუნხენში სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯები ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. მისივე თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და 34 ათასი ევროს ეკვივალენტი იყო ლარში.