ქუთაისში სასურსათო ამანათების დარიგება დაიწყო 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის. ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის თანამშრომლები , მთელი ქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელ ადგილებზე მიუტანენ მარტოხელა , ხანდაზმულ ადამიანებს სასურსათე პაკეტებს.
„ახლა, როცა უკვე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეზღუდული აქვს გადაადგილების საშუალება, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ თვითონ მივიდეთ და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გადავცეთ საკვები პროდუქტები“ – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა გადასცეს: მაღაზიათა ქსელმა ,,ფემილიმ”, „ ლიდერფუდმა“ , „ მაგნიტმა“ , შპს „ფარმა“, შპს „მზიურმა“, შპს ,,არგომ” , შპს “ანიმ” ( ნიკეას ბაზრობა), ,კოკა კოლამ”, ,,დეილმა”, ,,ელვამ”, ,,მონოპოლი გრუპი და ორი გოგომ” , ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ. სასურსათო ამანათები უკვე დარიგდა საფიჩხიის და გუმათის ტერიტორიულ ორგანოებში, პროცესი გრძელდება და 600-ვე მარტოხელა, ხანდაზმული მოქალაქე მათთვის განკუთვნილ ნობათს მალე მიიღებს.