ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.
„მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 0,54%-ია.
პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.