ქუთაისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაიწყო. როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან იუწყებიან, დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინა გადაეცემათ.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 191 ოჯახი დაექვემდებარება.
„ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებს შეისწავლიან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5 ან მეტი ქულა. მონიტორინგის მუშაობის დასრულების შემდგომ, კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. ვეტერან დევნილთა ოჯახებს განსახლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა ამ დრომდეც შეეძლოთ, თუმცა ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, სააგენტო მათთვის სპეციალურ პროექტს ახორციელებს“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.