ქუთაისში, 28 ნოემბერს “ქართული ოცნების” წინ მიმდინარე აქციაზე, ძალის გამოყენებით დაკავებული მიშიკო მუმლაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ჯარიმა 2 500 ლარი დააკისრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმე მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ განიხილა.
“ცირკი შაპიტო გრძელდება
დაკავების ოქმი შედგენილი იყო სამი პოლიციელის გინებაზე, დღეს ისე გამოვიდა რომ გზის გადაკეტვისთვის დამიწერეს 2500 ლარი.” – წერს სოციალურ ქსელში მიშიკო მუმლაძე.
მიშიკო მუმლაძე პოლიციამ 28 ნოემბრის ღამეს, “ქართული ოცნების” ოფისთან გამართული აქციის დროს დააკავა. დაკავების დროს, მუმლაძე პოლიციელებმა ასფალტზე დააგდეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში, ძალის გამოყენებით ცდილობდნენ მის დაკავებას. მიხეილ მუმლაძეს ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, ბოლოს იგი სამტრედიის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტი 48 საათში გაათავისუფლეს. გამოძიება მიხეილ მუმლაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მიშიკო მუმლაძის სასამართლო პროცესი ერთხელ გადაიდო.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებს.