ქუთაისის წყალარინების სისტემის სამშენებლო ტენდერი, სავარაუდოდ, 2021 წელს გამოცხადდება – ამის შესახებ ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიიდან აუწყეს.
“ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით დაგეგმილია ქუთაისის წყალარინების სისტემის
რეაბილიტაცია და მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს, დაახლოებით, 360 კმ სიგრძის,
მთავარი და მეორეული კანალიზაციის რეაბილიტაციას, რაც, ასევე, გულისხმობს ჩამდინარე
წყლების სადრენაჟო სისტემიდან განცალკევებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია
ქუთაისში წყალარინების ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა-შეფასების პროცედურები, რომელიც შეიმუშავებს საბოლოო დიზაინს და ზედამხედველობას
გაუწევს მშენებლობას.
სამშენებლო ტენდერი კი, სავარაუდოდ, 2021 წელს გამოცხადდება.
პროექტის განხორციელების ვადაა 72 თვე, აქედან, 12 თვე – დიზაინის
გადახედვა/შეცვლას, ხოლო 60 თვე მშენებლობას დაეთმობა (48 თვე – მშენებლობის პერიოდი,
12 თვე – დეფექტების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობა).” – აცხადებენ საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში.
ქუთაისში უკვე წლებია მოუგვარებელი პრობლემა კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება. ეს კანალიზაციის ანუ წყალარინების პრობლემაა. ქალაქის 40 % სწორედ აღნიშნული საკითხი აწუხებს. ცალკეულ ქუჩებსა თუ დასახლებებთან ერთად პრობლემა მწვავედ დგას ქუთაისის ცენტრშიც, სადაც განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში გაუსაძლისი სუნი დგას. თეთრ ხიდთან კი, რომელიც ტურისტებისათვის ყველზე საყვარელი ადგილია კანალიზაცია პირდაპირ მდინარე რიონში ჩაედინება.