ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 20-დან 22-მდე გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ახალ კვლევას აქვეყნებს. მათ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის 18,423,973.36 ლარი დახარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 19,937,101.26 ლარი შეადგინა, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, ეს ხარჯი 5,831,839.22 ლარია. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის მერიამ იურიდიულ პირებზე 23 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ ეს მონაცემები არასრულყოფილია, რადგან ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული 22 იურიდიული პირიდან ერთმა, „ქუთაისის ლიფტმა” გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა. გარდა ამისა, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ორი შპს: „უქიმერიონი” და „გუმათის საექიმო ამბულატორია” არ ფუნქციონირებს, ხოლო შპს ”პარკინგსერვისის”, შპს “ქუთაისის პროფილაქტიკური დეზინფექციის სადგურის”, შპს “ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკის” და შპს “ქართული ტრადიციები 2011”-ის სუბსიდირება ბიუჯეტიდან არ ხდება. შპს “პარკინგსერვისმა” 2015 წელს ბიუჯეტიდან მიიღო 300 000 ლარი, შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირდაპირი სუბსიდია არ მიუღია – ფუნქციონირების დაწყების დღიდან “პარკინგსერვისი” მერიას იჯარის თანხას სრულად არ უხდის. 2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს დავალიანება 1 მლნ 240 ათას ლარზე მეტი იყო და ამჟამად, მერიის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს დაგროვილი დავალიანების გადავადების პროცესი.
შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოკვლეული ინფორმაცია ეხება მხოლოდ 15 იურიდიულ პირს – იმ მუნიციპალურ ორგანიზაციებს, რომლებმაც გამოთხოვილი ინფორმაცია მოგვაწოდეს და რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
2017 წლიდან დღემდე იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 145-ით არის გაზრდილი. ამჟამად მოქმედ 15 იურიდიულ პირს სულ 3894 თანამშრომელი ყავს.
ჩვენ რეკომენდაციით მივმართავთ ქუთაისის მერიას, რომ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა და გააუმჯობესოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი.
ქუთაისში მივლინებებზე, 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, 24.766 ლარით მეტი დაიხარჯა
რომელი ა(ა)იპ ხარჯავს ქუთაისში ყველაზე მეტს ავტოსატრასპორტო საშუალებებზე