ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ თერჯოლის კლასტერიდან, სოფელ ღვანკითიდან 3 პაციენტს ელოდებიან. როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განაცხადა, ამ პაციენტებს ვირუსი უკვე გადატანილი აქვთ და კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდებათ.
“PCR ტესტით უარყოფითია, მათ კოვიდი სევროლოგიურად აქვთ დადასტურებული, ჩაუტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა, რასაც ჩვენი პროტოკოლები ითვალისწინებს, რათა არ გამოგვეპაროს პნოვმონიები. ისინი უკვე არსებული დაავადებულების კონტაქტები არიან და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ტესტი ბინაზე ჩაუტარდათ.” – განაცხადა თემურ ნადირაძემ.
მისივე თქმით დღეს ქუთაისის ინფექციურს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. სულ ჯამში კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული ადამიანი გაეწერა.
ამჟამად ინფექციურში 23 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმეს აქვს პნევმონია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ 10 პაციენტის მიღება შეუძია.