ქუთაისელმა სტუდენტმა ამერიკის პირველი პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია მოიპოვა და ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას – ინფორმაციას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის (The George Washington University) სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელებს სახელწოდებით საერთაშორისო და შედარებითი სამართალი.
მან ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის დამსახურებაზე დაფუძნებული სტიპენდია (GW Law Merit Scholarship) მოიპოვა, რომელიც სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის ხარჯებს ფარავს. ამერიკის პირველი პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია მსოფლიოს მასშტაბით ენიჭება აპლიკანტთა სელექციურ, მცირე რაოდენობას.
გარდა ამისა საბამ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამისა თუ ცალკეული ევროპული სახელმწიფოების ეროვნული სტიპენდიით ისწავლა სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტში.
კერძოდ, იგი 2022 წლიდან სხვადასხვა სემესტრის განმავლობაში Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში სწავლობდა არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის (Aristotle University of Thessaloniki) სამართლის ფაკულტეტზე (თესალონიკი, საბერძნეთი; მიკოლას რომერის სახელობის უნივერსიტეტის (Mykolas Romeris University) სამართლის სკოლაში (ვილნიუსი, ლიეტუვა), ლიეტუვის მთავრობის სტიპენდიის ფარგლებში, 2023 წელს Erasmus+ International Credit Mobility პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის განმავლობაში პან-ევროპული უნივერსიტეტის (Pan-European University) სამართლის ფაკულტეტსა (ბრატისლავა, სლოვაკეთი); როგორც ლატვიის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა, ერთი აკადემიური სემესტრის ვადით ისწავლა ლატვიის უნივერსიტეტის (University of Latvia) სამართლის ფაკულტეტზე (რიგა, ლატვია).” – წერია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.