ქუთაისელი ვახო კაჩუხაშვილი ერთი წლით საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გახდა ესტონეთში. მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გმოცხადებულ პროგრამაში “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი” გაიმარჯვა.
“გავაგზავნე სამოქმედო გეგმა, გავიარე ანკეტის ეტაპი და გასაუბრება მქონდა. ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას გაძლევს რომ შენს ქვეყანას პოპულარიზაცია გაუწიო თანატოლ ახალგაზრდებში. რა თქმა უნდა ძალიან ბედნიერი ვარ. რაც ესტონეთში ჩამოვედი პირველივე დღიდან აქტიურად ვუწევ ქართულ კულტურას პოპულარიზაციას. უამრავი ვორქშოპი და პროექტი გავაკეთეთ მეგობრებთან ერთად. აქამდეც ვეწეოდი ახალგაზრდა ელჩურ საქმიანობას მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად ვარ ახალგაზრდა ელჩი, რაც რა თქმა უნდა ძალიან მახარებს” – ამბობს ვახო კაჩუხაშვილი “მეგა ტვ”-თან საუბრისას.

პროგრამის „ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანაა კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით, ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ და საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის გაფართოება.
პროექტში მონაწილეობა შეეძლოთ ამერიკის შეერთებული შტატებში, ბელგიის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თურქეთის რესპუბლიკაში, პოლონეთის რესპუბლიკაში, შვედეთის სამეფოში, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიის რესპუბლიკაში, უკრაინაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში ისრაელის სახელმწიფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში მოღვაწე 18-დან 29-წლამდე საქართველოს მოქალაქეებს.