ხაშურიდან ბორჯომისკენ მიმავალ გზაზე (ქვიშხეთთან) ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი ბავშვია.
ნიუპრესის ინფორმაციით, დაღუპულები ქუთაისიდან, ერთი ოჯახიდან არიან. ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპნენ.
ბავშვების დედას, რომელსაც წყლიდან ამოყვანის დროს გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში გული აუმუშავდა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დაახლოებით 40 წლის მამაკაცი და სამი მცირეწლოვანი 12, 10 და 8 წლის, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.