“ქართულმა ოცნებამ” იმერეთის ოთხივე საარჩევნო ოლქში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარდგინა. მმართველმა პარტიამ კანდიადატების წარდგენა ქუთაისიდან დაიწყო. „ქართული ოცნებიდან„ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად ზაზა ლომინაძე , ხოლო მერის თანამდებობის დასაკავებლად იოსებ ხახალეიშვილი იბრძოლებენ.
ქუთაისის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში წარადგინა – აქ დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად პარტიიდან გივი ჭიჭინაძე იბრძოლებს. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში – პაატა კვიჟინაძე. ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქში კი ბეჟან წაქაძე.
უდიდესი პასუხისმგებლობაა წარვსდგე თქვენს წინაშე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში. მადლობას ვუხდი მმართველ პარტიას ნდობისა და მხარდაჭერისათვის. დღეს ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი მთავრობა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებელი. ჩემთვის მთავარი ფასეულობა ადამიანია, ამიტომ მუდმივად ვიზრუნებ, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული პედაგოგების, მედიკოსების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სხვადასხვა სფეროებში დასაქმებულთა ღვაწლი, მოხდეს პროფესიონალი კადრების და ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების დასაქმება, თითოეული მოქალაქის ყოფითი პირობების გაუმჯობესება, თქვენთვის პრიორიტეტული ყველა პრობლემის მოგვარება! მწამს, რომ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მოსახლეობა, გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. კიდევ ერთხელ დავუდგებით ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონისათვის – იმერეთისთვის! მე ვიქნები თქვენი, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ინტერესების დამცველი! თქვენი ხმა საქართველოს პარლამენტში! მჯერა, რომ ერთად ვიდგებით საქართველოს გაერთიანებისთვის! ერთად საქართველოს წარმატებისთვის! ჩვენ გავიმარჯვებთ! – განაცხადა გივი ჭიჭნაძემ.
“მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, უამრავი საქმეა გაკეთებული, არნახული საქმე. განსაკუთრებით ეს შეიმჩნევა გზებთან დაკაშირებით. გზები კეთდება როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ის გზა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ,,ძირულა, ხარაგაული, , ჩუმათელეთის”, გზას და რომლის ღირებულებაც ასობით მილიონია, ძირფესვიანად შეცვლის ხარაგაულის ცხოვრებას – ეს იქნება სწრაფი გადაადგილება, სწრაფი კომუნიკაცია, მოიტანს სხვა ცხოვრებას, სხვა აქტიურობას.
რაც შეეხება ადგილობრივ გზებს – გეტყვით, რომ უმეტეს სოფლებში გზები გაკეთებულია, ხოლო სადაც დარჩენილია, იქ ან დაპროექტება მიმდინარეობს ან მშენებლობა. გაკეთებულია უამრავი სკოლა, ბაღი, ამბულატორიები, იუსტიციის სახლები და ა.შ, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელია. მოსახლეობა შეხვედრების დროს განსაკუთრებით მოითხოვს საუბნო გზებს, წყალს, გაზს – ეს მოთხოვნები ყოველ დღე ძლიერდება და ეს სწორია იმიტო, რომ მოსახლეობა ხედავს, მთავრობა აკეთებს საქმეს, ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, შესაბამისად მოთხოვნაც გასაგებია.
დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებას“ აქვს საშუალება , ეს საკითხები ბოლომდე მიიყვანოს იმიტომ, რომ მხოლოდ „ქართული ოცნების“ დროს დაიწყო ეს საქმეები. გავიხსენოთ წინა წლები და მიხვდებით, ახლა რა კეთდება.
ხარაგაულს აქვს დიდი პოტენციალი სწრაფი განვითარების – ეს არის პირველ რიგში საუკეთესო ბუნება და მასთან დაკავშირებული ტურიზმი. ეს არის სატრანზიტო დერეფანი. საქართველოში ყველა კომუნიაკაცია, აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი ხარაგაულზე გადის. სოფლის მეურნეობა და რა თქმა უნდა თავად მოსახლეობა, შრომისმოყვარე და უდიდესი გამოცდილებით.
დღეს „ქართულ ოცნებას“ ალეტერნატივა არ ჰყავს . ეს ბოლო წლებში გაკეთებულმა საქმეებმა დაამტკიცა, განსაკუთრებით კი გამოჩნდა ბოლო თვეებში, პანდემიის დროს, როდესაც საქართველოს მთავრობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. “- განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
,,გამოცდილებას, ძალას და ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ ჩემს რაიონში განვითარდეს ეკონომიკა და განვითარდეს მცირე ბიზნესი. ამის შესახებ ჩვენ ყოველდღიურ შეხვედრებზე ვსაუბრობთ და ყველაზე კარგად რაც შემიძლია, სწორედ ეს თემაა. გპირდებით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისათვის, რომ ყველა წამოწყებას, ამა თუ იმ სფეროში, ჩემი გამოცდილებით ბიზნესის დაწყების სფეროში, აუცილებლად დავეხმარები. ვამაყობ იმით, რომ ვარ ზესტაფონელი. ვამაყობ იმით, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ ყოფილა არცერთი გამოწვევა ჩემს რაიონში, რომ მის გადალახვაში ჩემი მოკრძალებული წვლილი არ შემეტანა”, – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.
,,ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, ,,ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად ხარაგაული წარმატებულ მუნიციპალიტეტად ვაქციო.
მე გამაჩნია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე საპარლამენტო საქმიანობის დიდი გამოცდილება, რაც სრულად მოხმარდება ხარაგაულის პოტენციალის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, არის მნიშვნელოვანი საკითხები რომლებიც მწვავედ დგას მოსახლეობის წინაშე. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ და უმოკლეს დროში ჩავაბარებთ ისტორიას დაბისა და სოფლების სასმელი წყლით მომარაგების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გაზიფიცირების მიმართულებით არსებულ პრობლემებს.
მზად ვარ, პროფესიონალურ დონეზე მთელი ჩემი გამოცდილებით, რომელიც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა, ვიყო თქვენ გვერდით, როგორც თქვენი ოჯახის წევრი,მეგობარი და ვიზრუნო თითოეული თქვენგანის პრობლემის მოგვარებაზე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული ხარაგაულელის ცხოვრების დონის ამაღლება. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვუყურებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომლებსაც კონკურენციით, გზა გაეხსნებათ პროფესიონალიზმისაკენ.
სრულად მაქვს გაცნობიერებული, რაოდენ დიდი პატივია, გახდე იმ მუნიციპალიტეტის მერი, რომლის შემადგენლობაში სოფელი ფარცხნალია. სოფელი, რომელმაც ორმოცი პროფესორი და ოთხი აკადემიკოსი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ასევე არ შემიძლია, არ გამოვყო კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებები, რომელთა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს ტრადიციები კვლავ გრძელდება.
,,ქართული ოცნება“ არის უალტერნატივო პოლიტიკური პარტია და ყველას მოგიწოდებთ, 31 ოქტომბერს მიბრძანდეთ არჩევნებზე და სიყვარულით, სიმტკიცით გადამჭრელი ხმა მისცეთ საქართველოს უკეთეს ხვალინდელ დღეს.
დიდი პატივია, თქვენთან ერთად ვაშენო ხარაგაული!“ – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა