ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას, ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს დავით ნარმანიას და ელექტროსისტემის ხელმძღვანელს იბარებს. საქმე ეხება ელექტროენერგიის შესყიდვას აზერბაიჯანიდან და კომპანია „ელ-გრინს“. როგორც გოგიჩაიშვილი ამბობს, ამ შესყიდვაში სისტემური კორუფციის ნიშნები ჩანს.
„ამ შესყიდვის დროს კომპანია „ელ-გრინი“, რომელსაც წარმოდგენენ როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი დამფუძნებლები, არის ელექტრონერგიის შემსყიდველი და ჩვენს მოქალაქეს საბოლო ჯამში ელექტროენერგია უძვირდება. ამ სისტემური კორუფციის სქემის უკან დგას ბიძინა ივანიშვილის ნებით დაშვებული პროცესი, დგას უჩა მამაცაშვილი და ის ადამიანები, რომლებიც თქვენს ხარჯზე ხელს ითბობენ და სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს ეს შესყიდვა ზედმეტ 9 მილიონ დოლარად უჯდება. ამიტომ ჩვენი ფრაქცია აყენებს საკითხს, იურიდიული და ეკონომიკური კომიტეტების მიმართ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს მოკვლევა, დავიბაროთ ეკონომიკის მინისტრი, ელექტროსისტემის ხელმძღვანელი, დავით ნარმანია და ყველა ის ადამიანი, ვინც არის ასეთი დონის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი და მოვიკითხოთ, რატომ ვიხდით ყოველწლიურად ზედმეტ 9 მილიონ დოლარს და ვუხდით ისეთ კომპანიას, რომლის გარეშე სახელმწიფო და მოქალაქეები შეძლებდნენ ამ თანხის დაზოგვას. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის კორუფციული სისტემა, რომლის მსგავსი სხვადასხვა სფეროში არაერთია, ამიტომ ეს საკითხი დგება ოფიციალურად ჩვენი ფრაქციის მხრიდან და იმედი მაქვს, ამას ეკონომიკის კომიტეტი მისცემს რეაქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ვეცდებით, ეს საკითხი გამოვიყენოთ კამპანიაში და მივმართოთ საერთაშორისო პარტნიორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ეხმარებიან ჩვენს ქვეყანას და ავუხსნათ, რომ საქართველოში მძვინვარებს ელიტური კორუფცია,“- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.