,,სარკე”, თემურ წიკლაური
– ადამიანი დროსა და სივრცეში ცხოვრობს და ამიტომაც მასში წლების განმავლობაში ბევრი რამ იცვლება. ერთადერთი, რაც არ ექვემდებარება ამ ცვლილებას – ეს ღვთის წყალობაა. ერთხელ ინდოეთში ცდა ჩაატარეს: ჩვილი საკანში ჩასვეს და ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება არ მისცეს. ის 9 წლის ასაკში ისეთ არსებას დაემსგავსა, რომელიც არც ნადირი იყო, არც ადამიანი და ამავე ასაკშივე გარდაიცვალა. ასე რომ, შეუძლებელია ადამიანმა ცოცხალი ურთიერთობების გარეშე გაძლოს.
– ცნობილია, რომ სამკურნალოდ შორეულ ფილიპინებზე გაემგზავრეთ. ერთ ფოტოზე თქვენი სისხლიანი სხეულია. ტკივილს არ გრძნობდით?
– არანაირ ტკივილს არ ვგრძნობდი, დამიჯერეთ! იქაური მკურნალები თვლიან, რომ ადამიანში ნებისმიერ დაავადებას სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს. წარმოიდგინეთ, უყურებ, როგორ გადმოდის სისხლი შენი სხეულიდან, მაგრამ არაფერი გტკივა, ან კიდევ, უყურებ შენს ერთ ყურში ბამბა როგორ შეაქვთ და როგორ გამოაქვთ მეორიდან. ადამიანის ენერგეტიკულ ცენტრებს უჩვეულო გზით წმენდენ. მკურნალები მორწმუნე ქრისტიანები არიან და ყოველი ასეთი ოპერაციის წინ, როგორც წესი, ლოცვას კითხულობენ და ღმერთს დახმარებას შესთხოვენ.
– მსმენია, რომ მფრინავი ობიექტიც გინახავთ.
– 1983 წელს თელავში კონცერტი გვქონდა. გარეთ გამოსულებმა ღამის ცაზე განათებული დისკო დავინახეთ, საიდანაც შუქი გადმოდიოდა და ცეცხლს უშვებდა. ნახევარი საათი გაოგნებულები ვადევნებდით თვალს. უცებ მოწყდა, გაუჩინარდა…
მე ვიცნობდი ამერიკელ ასტრონავტ ჯეიმს ირვინს, რომელიც მთვარეზე იყო. ერთმა კათოლიკე მისიონერმა საქართველოში ჩამოიყვანა. ისე მოეწონა მაწონი, მისთვის წყნეთიდან ჩამომქონდა. როცა ვთხოვდით, მოეყოლა, რა ნახა მთვარეზე, მხოლოდ ერთს იმეორებდა – ქრისტე იწამეთო.
,,სარკე”