ბათუმსა და ქობულეთში მოქალაქეებს PCR ტესტის უფასო ჩატარება დღის მეორე ნახევრიდან შეეძლებათ, – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ბათუმის ბულვარში ორი, ხოლო ქობულეთში ერთი კარავი გაიშლება. მოქალაქეს, ნიმუშის აღების შემდეგ, პასუხს 24 საათის განმავლობაში აცნობებენ.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში გადაწყდა კარვების გაშლა, სადაც მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება უფასო PCR დიაგნოსტიკა ჩაიტაროს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აქამდე დიაგნოსტიკას ძირითადად გაფართოებულ მიზნობრივ ჯგუფებში ვახორციელებდით და აგრეთვე ცხელების და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში, მაგრამ ვინაიდან ერთეული შემთხვევა დაფიქსირდა, ისეთი პაციენტების, რომლის ინფექციის წყარო ვერ იქნა დაზუსტებული, მიზანშეწონილად ჩაითვალა, გაფართოებული ტესტირების ჩატარება, რომელიც იქნება უფასო მოსახლეობისათვის. კერძოდ, ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე, კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროს მხრიდან გაიშლება ორი კარავი დღის მეორე ნახევარში, აგრეთვე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმშენებლის ქუჩაზემ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. სამივე ლოკაციაზე ტესტირების ჩატარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. სავარაუდოდ, 17 საათიდან 22 საათამდე, თუმცა ეს დროები შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებული იქნება ხალხის ნაკადზე, ვიდრე ინტენსიური ტურისტული სეზონი გვექნება, ამ დიაგნოსტიკას გავაგრძელებთ. ეს ტარდება იმისთვის, რომ მოსახლეობისათვის დასვენება იყოს უსაფრთხო, ყველა შესაძლო შემთხვევა იდენტიფიცირებული იყოს და გავიგოთ რამდენი ასეთი პირი შესაძლოა გვყავდეს. ნებისმიერი პირი ჩააბარებს ნიმუშს, მათი საკონტაქტო ინფორმაცია ჩაიწერება და როდესაც გვეცოდინება პასუხი, უახლოესი 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდებიან და აღნიშნულ შედეგს აცნობებენ“, – აცხადებს ნიჟარაძე.
რაც შეეხება ეპიდმდგომარეობას, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალში 25 პაციენტია.
„რეგიონში 24 საათის განმავლობაში დადებითი შემთხვევა არ დაგვირეგისტრირებია და ვფიქრობ, რომ სიტუაცია არის მშვიდი და კონტროლს დაქვემდებარებული, თუმცა საყურადღებო. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ პრევენციული ღონისძიებებისაკენ, კერძოდ ნიღბის გამოყენებისაკენ დისტანციის დაცვისკენ. ნებისმიერ მსურველს მოვუწოდებთ, რომ ჩაიტარონ უფასო ტესტირება და ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.