წნევისა და გულის უკმარისობის სამკურნალო მედიკამენტები კორონავირუსის გამო პაციენტებმა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტონ, – ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმმა-ინფქციონისტმა, მამუკა მაჩაიძე აშშ-დან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაუდასტურებელი ინფორმაციაა, რომ წნევის დამწევი პრეპარატების მიღება ორგანიზმში კორონავირუსის გავლენის რისკს ზრდის. ექიმის განმარტებით, პირიქით, მაღალი წნევა წარმოადგენს ადამიანისთვის რისკფაქტორს კორონავირუსის დაავადების დროს.
„ვირუსის მექანიზმი, რომელსაც ის იყენებს უჯრედში შესასვლელად, არის გადაჯაჭვული იმ რეცეპტორთან, რომელზეც მოქმედებს გარკვეული წნევისა და გულის უკმარისობის პრეპარატები. ამის შედეგად, ვიღაცამ დაასკვნა, რომ თეორიულად, დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეიძლება წნევის წამლები ზრდიდეს გავლენის რისკს. შემდეგ მასობრივად ხალხმა ამ წამლების მიღება შეწყვიტა. გაირკვა, რომ პირიქით, იმის გამო, რომ წნევის მარეგულირებელ წამლებს არ იღებდნენ და წნევა მაღლა მიდის, მაღალი წნევა არის რისკფაქტორი კორონავირუსის დაავადების დროს. ინფორმაცია, თითქოს წნევის წამლის დალევა სიტუაციას ართულებს, ჯერ არ დადასტურებულა. ამჟამად არის რეკომენდაცია, რომ ჩვეულებრივ რომელ წამალსაც სვამთ, ის გააგრძელეთ, არაფერი უნდა შეცვალოთ – თუ თქვენ გაქვთ სერიოზული დაავადება, რომელიც წნევაზე ახდენს გავლენას. ჰოსპიტალის ექიმები გადაწყვეტენ, რომელი წამალი შეწყვიტოთ და რომელი გაგიგრძელოთ“, – მიმართა მაჩაიძემ პაციენტებს.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.