ნიუ ჯერსის შტატში, ქალაქ პრინსტონში, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა, სხვა დიასპორების წარმომადგენლებთან ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გამართეს. კონცერტზე შესრულდა ევროპული და ქართული კლასიკური მუსიკა, მათ შორის ამერიკაში მოღვაწე კომპოზიტორის დავით ჭკუასელის ნაწარმოებები.
ამერიკაში მოქმედ ანსამბლ “ზეკარის” წევრებმა ტრადიციული ქართული სიმღერები „სულიკო” და „მრავალჟამიერი” შეასრულეს. საღამოს აშშ-ში მცხოვრები უკრაინელებიც ესწრებოდნენ.
კონცერტზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოქმედ საერთაშორისო ფონდში გადაირიცხა.
საქველმოქმედო კონცერტი Arts Legacy International-ის ორგანიზებით განხორციელდა.