8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულები ქუთაისშიც გაიხსენეს. ადგილზე მისულები იყვნენ ირაკლი ჯანელიძისა და დიმიტრი ჯაილოვას მშობლები. ირაკლი 20 წლის იყო, როცა შინდისთან რუსეთის აგრესიას შეეწირა, ხოლო დიმიტრი 37 წლის ასაკში დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა. ქუთაისიდან აგვისტოს ომში 8 მებრძოლი დაიღუპა.
„რას უნდა ნიშნავდეს დღევანდელი დღე ჩემთვის? გახარებული არა ვარ. გახსენებაა იმ ტკივილის, რაც 2008 წელს მივიღეთ მეტი, თუმცა მაინც კარგია, რომ ხალხს მაინც ახსოვს, ამ დღეს მაინც ახსოვთ, მარტო 8 აგვისტოს. მე არც ერთ პარტიასთან არანაირი კვაშირია არა მაქვს. ოპოზიციის ბრალია თუ პოზიციის ფაქტი ისაა, რომ ჩემი შვილი მკვდარია. ისინი გმირები არიან. ყველა აქებს, ჩვენც გვიხარია ერთი მხრივ, რომ გმირები არიან, მაგრამ მეორე მხრივ რომ შევხედოთ ჩვენ შვილი აღარა გვყავს და ესაა. რომ წავიდა არც გაუმხელია, სწავლებას ატარებენო და იმის ხმა ისმისო გვეუბნებოდა. ომში რომ იყო, არც ვიცოდით” – ამბობს ირაკლი ჯანელიძის მამა ვაჟა ჯანელიძე.










