სოფელ ღვანკითის მოსახლეობას სურსათით მომარაგების პრობლემა არ შეემქნება, – ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა განაცხადა.
ზვიად შალამბერიძის თქმით, სოფელში არსებული მაღაზიები დაკეტილი იყო, თუმცა მფლობელებთან მოლაპარაკების პროცესი დასრულდა და დღეს საღამოდან ყველა სავაჭრო ობიექტი მომარაგდება. რაც შეეხება მედიკამენტებს, სოფელში აფთიაქი არ არის, შესაბამისად საჭიროების მიხედვით, მცხოვრებლებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაეხმარებიან.
ღვანკითის ჩაკეტვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დაინფიცირებულთა წრე გაიზარდა და ახალი კერა აღმოჩნდა, რომლის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 24 პირია გადაყვანილი. სოფელში დაწყებულია თერმოსკრინინგი. გუშინ ტემპერატურა 150-მდე ადამიანს გაუზომეს, რის შედეგადაც სამი საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. თერმოსკრიინგის პროცესი დაახლოებით სამ დღეში დასრულდება. რამდენ ხანს გაგრძელდება სრული კარანტინი, ჯერ უცნობია. გადაწყვეტილებას დღეს საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დღეს, 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს.
საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.