“მე პრემიერი ვარ და გვარამია კომპანიის დირექტორი… მე რომ მადარებთ და ჩემს ოჯახის წევრებს, კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები”, – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ დააკავეს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი კერძო კომპანიის მანქანის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისთვის, მაშინ, როცა პრემიერმინისტრი და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო მანქანით პირადი მიზნებისთვის გადაადგილდებიან.
”მე ვარ საქართველოს პრემიერმინისტრი. გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია, რა შუაშია. მე რომ მადარებთ ახლა და ჩემს ოჯახს და ოჯახის წევრებს და რატომ სარგებლობს თურმე პრემიერმინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანით, ამას ეუბნებით ხალხს ეს არის ტყუილი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად მე ჩემი მანქანით გადავადგილდები”,- თქვა ღარიბაშვილმა.
აქვე, ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა, ვინც დაარღვევს კანონს და ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს. მისივე თქმით, “ჩვენ გვყავს სასამართლო, რომელიც ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი უსწრებს წინ”.