ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრიშვილის განცხადებით, სახელმწიფო მზად არის ყველა სასტუმროსთან, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ითანამშრომლოს კარანტინის პროექტით.
მარიამ ქვრიშვილის განცხადებით, 10 მარტიდან დაახლოებით 50 000-მდე ადამიანმა გაიარა კარანტინი.
მისივე თქმით, კარანტინის პროექტში ჩართული იყო 144-მდე სასტუმრო და დასაქმებული იყო 3300-ზე მეტი ადამიანი.
„ხაზს გავუსვამდი, რომ არსებული 144 სასტუმროდან აბსოლუტური უმრავლესობა არის მცირე და საშუალო სასტუმროები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით რეგიონებში, სასტუმროებს კვლავ სჭირდებათ დახმარება. კარანტინის პროექტს, თავისი შინაარსით, რა თქმა უნდა, უმთავრესი ღირებულება ჰქონდა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ძალიან აქტიური თანამშრომლობით შევძელით და ამდენი სასტუმრო და ამდენი ადამიანი არის დღემდე ჩართული. ეს პროექტი გრძელდება, ჩვენ ღია ვართ. დღესაც მიმდინარეობს ახალ სასტუმროებთან თანამშრომლობის დაწყების პროცესი. მოვუწოდებ ყველა სასტუმროს დედაქალაქში და რეგიონებში, რომელთაც დღეს შეიძლება სასტუმრო აქვთ დაკეტილი, სახელმწიფო მზად არის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე კარანტინის პროექტით ითანამშრომლოს ყველა სასტუმროსთან, რომელიც აკმაყოფილებს იმ მინიმალურ კრიტერიუმებს, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვირუსის პრევენცია მოხდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი თანამშრომლობით შევძლებთ დავასაქმოთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი“, – განაცხადა მარიამ ქვრიშვილმა.