საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შემოვიდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს.
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.
25 მარტს კი საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინის 30 000-მდე დოზა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.
აცრას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომლებიც ვებგვერდზე booking.moh.gov.ge დარეგისტრირდნენ და ვიზიტი დაჯავშნეს. დარეგისტრირება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 25 მარტიდან შეუძლიათ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც.
55 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია კი 2 აპრილს, 18:00 საათიდან დაიწყო.
რეგისტრაციისას მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის ერთ-ერთი.
რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ის ქვეყანაში.