საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი „მარანი ხეცურიანი“-ს დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი საჯარო განცხადებას ავრცელებს და იმ კვლევების გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც ნამოხვანჰესის მშენებლობის საკითს უკავშირდება:
,,ნამახვანჰესის მშენებლობის შედეგად ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიში“-სთვის შექმნილ შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის Association de la Sommellerie Internationale A.S.I. წევრი), როგორც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებითა და პოპულარიზაციით დაინტერესებული ორგანიზაცია, ადასტურებს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც აქვს ქართულ მეღვინეობაში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიშს“.
ვთვლით, რომ აღნიშნულ მნიშვნელოვან ქართულ აპელასიონს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეული მიკროკლიმატის შესაძლო ცვლილებით.
ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ახალ ბიზნესპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზეა ორიენტირებული.
ვერ შევეხებით, ჩვენი კომპეტენციის გარეთ მყოფ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ უსაფრთხოების საკითხებს. ამავე დროს, ბუნებრივია, ვუთანაგრძნობთ და თანადგომას ვუცხადებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც საუკუნეებია, ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისთვის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, მშობლიური ადგილების სამუდამოდ დატოვება მოუწევთ.
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მოითხოვს გასაჯაროვდეს ტვიშთან დაკავშირებული კვლევა და მასში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე მოხდეს ქართული საზოგადოების, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლების, სრულყოფილი ინფორმირება შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.
დარგის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებას, სრული და ლეგიტიმური უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, მიკროკლიმატის რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის მშენებლობის შედეგად; რა გავლენას მოახდენს იგი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ ტვიშის აპელასიონზე, ადგილობრივ მევენახეობაზე და აქ მოყვანილი ყურძნისგან შექმნილი ღვინის ხარისხზე.