საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის ბართინის პროვინციაში მაღაროში აფეთქებისას მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
„ძალიან დაგვამწუხრა ინფორმაციამ თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქების შესახებ. ამ მძიმე მომენტში, ჩვენ დაღუპულთა ახლობლების, დაშავებულებისა და სამაშველო ოპერაციაში მონაწილეთა გვერდით ვდგავართ. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ თურქეთის ხალხს და მთავრობას“ – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თურქეთში, ბართინის პროვინციაში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეთინ კოჩა „ტვიტერში“ წერს.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელის, ფაჰრეთინ ალთუნის განცხადებით, 58 გადარჩენილი მაღაროელიდან 11 საავადმყოფოებში მკურნალობს.
ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 150 ადამიანია ჩართული.