საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და იმავდროულად ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე საპატრიარქო სიგელით დააჯილდოვა.
“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა საქართველოში ზეთისხილის კულტურის გავრცელების და ქვეყნის გამწვანების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისათვის ბატონი გიორგი სვანიძე დაჯილდოვდეს საპატრიარქო სიგელით”, აღნიშნულია სიგელზე, რომელიც გიორგი სვანიძეს ილია მეორის ხელმოწერით უკვე ჩაბარდა.
საქართველოს ზეთისხილის მწარმოებელთა ასოციაციას და უშუალოდ გიორგი სვანიძეს საქარველოში ზეთისხილის კულტურის განვითარების საწყისებშივე საქართველოს საპატრიარქო მხარს უჭერდა და ცდილობდა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებოდა. შესაბამისად საპატრიარქოს ასეთი დონის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის ამ კონკრეტული დარგის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„საწყის ეტაპზევე, ზეთისხილის პირველი ნერგი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავრგეთ. სწორედ ამ დიდმა მადლმა და პატრიარქის ლოცვა-კურთხევამ შეგვაძლებინა ის რაც დღემდე გავაკეთეთ და რასაც მომავალში გავაკეთებთ. გეგმები ბევრია და ღვთის შემწეობით დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევ. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პატრიარქი და მთლიანად საპატრიარქო მხარში გვიდგას“, – განმარტავს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე.
როგორც ცნობილია 24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის მსოფლიო დღეს უმასპინძლლა, რომელიც იუნესკოს ეგიდით ჩატარდა. საერთაშორისო ღონისძიებაზე ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, რომელსაც საფუძველი 10 წლის წინ, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ ჩაუყარა. ზეთისხილს საქართველოში წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან წლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. სწორი მუშაობისა და მენეჯმენტის გათვალისწინებით, გიორგი სვანიძე უკვე მეორედ იქნა არჩეული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა.