საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა პედაგოგთა და პროფესორ-მასწავლებელთა ვაქცინაციის გეგმები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რისთვისაც აუცილებელია განათლების სისტემაში დასაქმებულთა იმუნიზაცია და ამ გზით უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
მინისტრმა ღასან ხალილს განათლების სისტემის წარმომადგენელთა ვაქცინაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები, სადაც აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი სასურველი ვაქცინით.
მინისტრის თქმით, ამგვარი პირობები შეიქმნა იმისათვის, რომ განათლების სექტორში დასაქმებულებმა მარტივად შეძლონ ვაქცინაცია და ამ გზით ერთმანეთისა და მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.