სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა დევნის ხანდაზმულობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს შეფარდებული მუხლი გადაუკვალიფიცირდათ.
ამასთან მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდნენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტია “ლელოს” ოფისში ელოდებოდნენ, ავთანდილ წერეთელი კი “TV პირველის” ოფისში.
გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.