სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობაა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე უმოკლეს ვადაში იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს ოჯახსა და საზოგადოებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, სამართალდამცავ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული.
ამასთან, პრემიერმა მწუხარება გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესიდან გამომდინარე, ამ საქმის პოლიტიზირება ხდება.
„ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია. ეს არ არის ცალკე აღებული კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სისტემას სრული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ეს ყველაფერი უმოკლედ ვადაში იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, პირველ რიგში, ოჯახს და ასევე, საზოგადოებას. ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა და მერწმუნეთ, ამ სისტემას ეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ არანაირი სივრცე საკითხის პოლიტიზირებისთვის. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, ამ საკითხის პოლიტიზირება ხდება. ამის მორალური ფაქტორის შეფასებაზე უკვე ბევრჯერ ვთქვი. ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. ჩვენ და მოქალაქეებმა ჩვენი ზრუნვა ოჯახზე, პირველ რიგში, იმით უნდა გამოვხატოთ, რომ ცოტა უნდა გავუფრთხილდეთ ამ ადამიანების მორალურ მდგომარეობას,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.