სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ განმეორებითი ძალადობის რისკები და უზრუნველყონ ძალადობის პრევენცია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სამართალდამცავ უწყებებს ეკისრებათ.
„გირაოს შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სანახავია, რატომ შეცვალა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახე, ამაში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ რადგან ოჯახში ძალადობის საქმე არის, რადგან იარაღი ფიგურირებს ამ საქმეში, ამ ვითარებაში უკვე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ განმეორებითი ძალადობის რისკები და უზრუნველყონ განმეორებითი ძალადობის პრევენცია. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არის სამართალდამცავ უწყებებზე, რომ მათ სათანადო რისკების შეფასება და პრევენცია მოახდინონ, რომ დაზარალებული არ დაექვემდებაროს განმეორებით ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას“,-განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცინარიძის ადვოკატმა, კახა ხვისტანმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, რასაც პროკურატურა არ დაეთანხმა.