Pfizer-ის ვაქცინას სამ დიდ ქალაქში გადაანაწილებენ: თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში. ერთი კლინიკა ბათუმში, ერთი – ქუთაისში და 4 – თბილისში. თბილისის კლინიკები არის ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო, ქუთაისში კი ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა,”- განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში შემოსული 29 500 ცალი Pfizer-ის ვაქცინით, 14 000 პირი აიცრება. როგორც ტიკარაძემ განმარტა, პირველი ვაქცინის გაკეთებიდან მეორე დოზა 3-4 კვირის განმავლობაში უნდა გაკეთდეს, რის გამოც დოზების გაყოფა მოხდება.
დღეიდან, 25 მარტიდან, მოქალაქეებს AstraZeneca-ს ვაქცინასთან ერთად Pfizer-ის ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ.