პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, შეზღუდვების პირველი და მეორე ეტაპის მოხსნა ეხება ძირითადად ღია სივრცესთან დაკავშირებულ საქმიანობებს.
„შეზღუდვების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, იქნება ორი კვირის შემდეგ, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით. ეს იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება. ეს არის მეორე ეტაპი და ფაქტობრივად, პირველი, მეორე, მესამე ეტაპი ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომლებიც ღია სივრცესთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გახარიამ.