დღეს ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია მოახდინა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.
საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ვერ შეძლეს დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ მთელი სამოცდაათი წელი გასტანა.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ, პარლამენტმა 2010 წლის 21 ივლისს გამოაცხადა. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.