საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ კარგი განათლების მიღება უცხოეთში დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, თუმცა მსოფლიოში არსებობს ისეთი განვითარებული ქვეყნები, სადაც უმაღლესი განათლება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირდება და მეტად ხელმისაწვდომია. bpn წარმოგიდგენთ 7 ქვეყანას, სადაც უმაღლესი განათლება უფასოა.
შვედეთი – ქვეყანაში 30-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებელია და აქედან მესამედი უნივერსიტეტი. შვედეთზე მოდის წილობრივად ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი ევროპაში. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა მისი ხელმისაწვდომობაა. აქ უმაღლესში სწავლა უფასოა შვედეთისა და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის.
დანია – უმაღლესი განათლება სუბსიდირდება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ეტაპებზე, ხოლო დოქტურანტურაზე მსურველმა სპონსორი თავად უნდა იშოვოს. ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის უმაღლესი სასწავლებლებია და დანია მშპ-ს 0,06%ს ხარჯავს უმაღლესი განათლების სუბსიდირებაზე.
ფინეთი – იქ უმაღლესი განათლება სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ის ხელმისაწვდომია ადგილობრივებისთვის და ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. ასევე სტუდენტებისთვის, რომლებიც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობენ. ფინეთი გამოყოფს იმდენ გრანტს რომელიც საკმარისია როგორც სწავლისთვის ისე ყოველდღიური ხარჯებისთვის.
ირლანდია – უმაღლეს განათლებას ირლანდიაში ეძახიან „განათლების მესამე დონეს“. მისი დამთავრების შემდეგ კურსადამთავრებულს ბაკალავრის წოდება ენიჭება. აქ უმაღლესი განათლების მიღება შესაძლებელია უნივერსიტეტებსა და სხვადასხვა კოლეჯებში. ამ ქვეყანაში 196 ათასი სტუდენტი სწავლობს, რომელთაგან 11 ათასი უცხოელია. თავად 16 ათასი ირლანდიელი სტუდენტი კი საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სწავლობს.
ისლანდია – იქ უმაღლესი განათლება უფასოა, ოღონდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თავად ბევრი ისლანდიელი სტუდენტი კი საზღვარგარეთ სწავლობს.
ნორვეგია – ქვეყანა საკუთარი მშპ-ს 1,3%-ს ხარჯავს უმაღლეს განათლებაზე გამოყოფილ სუბსიდიებზე. ნორვეგიის ყველა უნივერსიტეტში არის საერთო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზები და ბიბლიოთეკები. სახელმწიფო არამხოლოდ სწავლის მაღალ ხარისხზე ზრუნავს, არამედ სტუდენტების დასვენებაზეც.
ჩეხეთი – უმაღლესი განათლება უფასოა თუ განათლებას იღებთ ჩეხურ ენაზე. აქ განაცხადს ოქტომბრიდან თებერვლამდე ავსებთ, ხოლო გამოცდებს მაისში აბარებთ. ამ ქვეყანაში 28 უმაღლესი სასწავლებელია, სადაც განათლებას სახელმწიფო აფინანსებს.
bpn.ge