Pfizer-ი ყოველ შაბათ-კვირას შემოგვივა – პრემიერი ასახელებს რომელი ვაქცინების რამდენი დოზა შემოვა ქვეყანაში
დღეს, 11:11 287
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების გაზრდილ მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
“ბოლო დღეების განმავლობაში თქვენ ხედავთ, რომ გვაქვს მატება ინფიცირების შემთხვევების და მე მინდა ავუხსნა კიდევ ერთხელ ჩვენს ხალხს, მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ვაქცინაცია. მანამდე იყო პრობლემა, რომ ვაქცინები საკმარისი რაოდენობით არ იყო ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩამოგვეტანა საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. მილიონი ვაქცინა არის ადგილზე. 1 მილიონი “ფაიზერის” მოწოდება უკვე დაიწყო, ყოველ შაბათ-კვირას ჩვენ შემოგვივა “ფაიზერის” ვაქცინები. ასევე ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას, რომელსაც რამდენიმე კვირაში მივიღებთ და ასევე, კიდევ კიდევ 1 მილიონი “სინოფარმი” და “სინოვაკი” ჩამოვა საქართველოში.
ბოლო პერიოდში იმატა ინფიცირების შემთხვევებმა ბავშვებში, მე როგორც მშობელმა მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას არ აქვს სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ მოსახლეობას შესთავაზოს ფართო ვაქცინაცია, რომელიც უკვე დავიწყეთ. გუშინ იყო რეკორდული რაოდენობა, 10 000 აცრა ჩავატარეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, 20-30 000-ზე უნდა ავიდეთ. მე არ მინდა, რომ გავიმეორო სიტყვა შეზღუდვების დაწესება ხელახლა და ამას ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს. მთავრობას სჭირდება ახლა თანადგომა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, შემოიტანა ვაქცინები, ახლა ჩვენ გვჭირდება ფართო ვაქცინაციის წარმატებით მართვა და დასრულება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.