ზურა დოიჯაშვილს ისრაელიდან საქართველოში 22 თებერვალს ჩამოასვენებენ. როგორც მომღერლის მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რეისი თბილისისკენ სწორედ 22-შია დანიშნული და გარდაცვლილის გადმოსვენება ამ რეისით მოხდება.
დოიჯაშვილების ოჯახის მეგობარი მაია მარხვაშვილი მომღერლის უკანასკნელ დღეებს იხსენებს და როგორც “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტში წერს, ზურა ბოლოს უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ფაქტობრივად, საუბარიც აღარ შეეძლო. მარხვაშვილი ასევე წერს, რომ მომღერლის მეუღლემ, ქეთი ვადაჭკორიამ შეუძლებელი შეძლო და ურთულეს მდგომარეობაში მყოფ მეუღლეს, ბოლომდე არ მოშორებია გვერდიდან:
“მერამდენე დღეა ჩაქრა შუქი და შენს სიმღერას ვუცდით… ხელები არ მემორჩილება შენი სამძიმრის დასაწერად, ყველაზე თბილო ბიჭო, როგორ გვატკინე ყველას გული… აწი ქეთის მოვეფერები შენს მაგივრადაც… არასდროს დამავიწყდება შენი და მამუკას ბოლო საუბარი გელასთან, მაშინ ჩამეგლიჯა გული, მამუკამ რომ გკითხა ვერ ლაპარაკობო? მაგ დროს კიდევ იმედის თვალით ვუცქერდი შენს ჯანმრთელობას და არასდროს, არასდროს დამავიწყდება შენი ბოლო სიტყვა – ვერაა… შორიდან ვუცქერდი თქვენს სახეებს და ახლოც ვეღარ მოგეკარეთ მაგ ვერას მერე…
მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 14 თებერვალს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 11 თვის განმავლობაში ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დიაგნოზი გახლდათ ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. როგორც მეუღლე წერდა, ორი კვირის წინ, იანვრის ბოლოს მომღერლის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
ზურაბ დოიჯაშვილი ისრაელში საცხოვრებლად ორი წლის წინ ოჯახთან ერთად წავიდა და ერთ წელიწადში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.