Kutaisi International Airport-ის ახალი ასაფრენ-დასაფრენი, 3.5- კმ.-იანი ზოლის პროექტირებაზე მუშაობა დაიწყო
ლევან დავითაშვილი: “ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სახელმწიფოს მხრიდან 85 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რათა აეროპორტმა სრულფასოვნად შეასრულოს თავის ფუნქცია-მოვალეობები”.
მინისტრის თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულყოფილი უნდა იყოს არა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებით, არამედ სრულად უნდა იყოს ათვისებული ის პოტენციალი, რომელიც ამ აეროპორტს გააჩნია.
„ამიტომ ჩვენ გვჭირდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ ქუთაისის აეროპორტში არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბევრი პრობლემა გააჩნია და ექსპერტული დასკვნების შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია, შეუძლებელია. უკვე მიმდინარეობს პროექტირება და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი, რომლის შესაბამისად, შევარჩევთ მშენებელ კომპანიას“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3.5 კმ სიგრძის იქნება და 18 თვეში უნდა იყოს დასრულებული. მისივე თქმით, განახლებული აეროპორტი ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას მიიღოს ყველა ტიპის ხომალდი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 თვეში პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით – ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადი 90 %-ით, ხოლო განხორციელებული ავიარეისების რაოდენობა 76 %-ით მეტია.
ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც – პანდემიამდე, 2019 წლის ივლისის პერიოდთან შედარებით, 2023 წელს რეისების რაოდენობა 94%-ით არის გაზრდილი.